აშშ–ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კენჭისყრისთვის სადღესასწაულო შესვენება გადადო
15/12/2023 06:30:19 მსოფლიო
დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის განცხადებით, მომავალ კვირას აშშ-ის სენატი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებას უყრის კენჭს, პარალელურად კი მოლაპარაკებები გრძელდება აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ, რომელიც დამატებით დაფინანსებას საჭიროებს.
კენჭისყრისთვის სენატმა გადადო თავისი სადღესასწაულო შესვენება, რომელიც 15 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო.
"ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს წარმატებაზე. ვიცით, რომ მსოფლიო გვიყურებს". - თქვა შუმერმა.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი დამატებითი დახმარების პაკეტში უკრაინისთვის $50 მილიარდია გამოყოფილი, ისრაელისთვის კი $14 მილიარდი. თუმცა რესპუბლიკელების თქმით, ახალი დახმარების გამოყოფას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ის მიბმული იქნება აშშ-მექსიკის საზღვარზე კონტროლის ახალი მექანიზმის შემოღებასთან.
"ჩვენ პროგრესს ვაღწევთ და თეთრი სახლიც ჩართულია, რაც კარგია. ყველაფერი იმედის მომცემია". - თქვა სენატორმა ჯონ თუნმა.


