ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50-მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო
15/12/2023 06:17:45 მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გაწევა დაბლოკა.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს ბრიუსელში უნდა მიეღოთ, სადაც 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი. განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს ისევ განიხილავენ 2024 წლის დასაწყისში.


