გერმანელი პროკურორები: თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი
14/12/2023 16:28:33 მსოფლიო
გერმანელი პროკურორები 14 დეკემბერს აცხადებენ, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" ოთხი წევრი.
მათი ცნობით, სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ბერლინში, მეოთხე - ჰოლანდიაში.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი განცხადებაში წერს, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში გახშირდა თავდასხმები ებრაელებზე და ებრაულ ინსტიტუტებზე.
"რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე", - წერს მინისტრი.


