ბრიტანეთი, იაპონია და იტალია შეთანხმდნენ სტელსი–მებრძოლების შექმნაზე
14/12/2023 11:22:49 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა საერთაშორისო შეთანხმებას იაპონიასთან და იტალიასთან სამომავლო საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ინოვაციური სტელსი–გამანადგურებლის შექმნას ზებგერითი შესაძლებლობებით. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
განცხადების მიხედვით, მხარეები გეგმავენ, შექმნან სტელსი–გამანადგურებელი სამივე ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისა და სტრატეგიული უპირატესობების გასაუმჯობესებლად.
აღნიშნულია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და ზოგადად, გლობალურ უსაფრთხოებაში.
„შეთანხმება წარმოადგენს გლობალური საბრძოლო საჰაერო პროგრამის (GCAP) საკვანძო ეტაპს, რომლის სათაო ოფისიც დიდ ბრიტანეთში იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
არსებობს განზრახვა, რომ თვითმფრინავის ექსპლუატაციაში შესვლა 2035 წლამდე იქნება შესაძლებელი. იგეგმება მისი აღჭურვა მძლავრი რადარით, რომელსაც შეუძლია 10 ათასჯერ მეტი მონაცემების გადაცემა, ვიდრე თანამედროვე სისტემებს, რაც მას უპირატესობას მისცემს ბრძოლაში.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ამერიკულმა B-21 Raider-მა პირველი სატესტო ფრენა განახორციელა, რითაც მიუახლოვდა სტატუსს, რომ გახდეს შემდეგი ამერიკული სტელსტის ბომბდამშენი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება.


