მედია: რატომ შეაჩერა აშშ-მა ისრაელისთვის გადასაცემი იარაღის პარტია
14/12/2023 09:04:50 მსოფლიო
აშშ-მა ისრაელისთვის გადასაცემი იარაღის პარტია შეაჩერა, – იუწყება The Wall Street Journal.
მისი ცნობით, პარტია მოიცავდა, მათ შორის M-14 და M-16 ტიპის 27 000 ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს.
როგორც გამოცემა იტყობინება, "იარაღის გაგზავნა შეჩერდა, რადგან ისრაელის ხელისუფლებამ საკმარისად ვერ დაარწმუნა ვაშინგტონი, რომ ის ისრაელის ექსტრემისტი ახალმოსახლეების ხელში არ აღმოჩნდებოდა".
მისი ინფორმაციით, იარაღის მიწოდების შეჩერების მიზეზი მისი უკონტროლო ჯგუფების ხელში მოხვედრის თავიდან აცილებაა.
ამასთან, გამოცემა ციტირებს ისრაელის ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლება იარაღს შეიძენს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებისთვის, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მოქმედებენ.
The Wall Street Journal–ის ცნობით, ისრაელის ექსტრემისტი ახალმოსახლეების მხრიდან იარაღით დაშინებისა და ძალადობის შედეგად 1000-ზე მეტი პალესტინელი იძულებული გახდა, დასავლეთ სანაპიროზე საცხოვრებელი დაეტოვებინა.
გამოცემის ინფორმაციით, არც ისრაელისა და არც აშშ-ის ხელისუფლებას იარაღის პარტიის შეჩერებასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.


