ესტონეთისა და ფინეთის პრემიერები: არ წავალთ კომპრომისზე, რუსული პირობებით მშვიდობა, მშვიდობას არ ნიშნავს!
13/12/2023 19:34:51 მსოფლიო
როდესაც უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფალი სამყარო უნდა დარჩეს ქვეყნისადმი ურყევი მხარდაჭერის ერთგული. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო წერენ Politico-სთვის მომზადებულ ერთობლივ სტატიაში.
ესტონეთისა და ფინეთის მთავრობების მეთაურებმა აღნიშნეს, რომ ახლა საჭიროა უკრაინის სამხედრო რესურსებით უზრუნველყოფის გრძელვადიანი ვალდებულებების აღება.
რუსეთის სტრატეგია, როგორც კალასმა და ორპომ აღნიშნეს, აგებულია იმ იმედზე, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები პირველები დაიღალებიან. "თუმცა, ახლა დადგა დრო, დავამტკიცოთ, რომ კრემლის ეს სტრატეგია არ არის მომგებიანი".
მათ აღნიშნეს, რომ მშვიდობა რუსული პირობებით, არ ნიშნავს მშვიდობას ევროპაში. ასეთი „მშვიდობა“ გააძლიერებს რუსულ ნაციონალიზმს და იმპერიალიზმს, ხოლო ავტორიტარული რეჟიმები მთელს მსოფლიოში გაიგებენ, რომ თავისუფალი სამყარო სუსტია და არ გააჩნია ძალა, რაც გამოიწვევს ახალ კონფლიქტებს.
"ამდენად, უკრაინის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვაზე, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, ანუ არსებობის უფლებაზე",– ნათქვამია სტატიაში.
სწორედ ამიტომ, აღნიშნეს კალასმა და ორპომ, ევროპული სტრატეგია მოითხოვს მკაფიო ვალდებულებებს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
„ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია იარაღი, საბრძოლო მასალა და წვრთნა და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს იმ დოზით, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, - აცხადებენ ისინი.
„ამ კვირაში, როდესაც ჩვენ ვიკრიბებით ევროპულ საბჭოში, უკრაინის ურყევი გრძელვადიანი მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირება უმთავრესია. მსოფლიო გვიყურებს და ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი ქმედებები უნდა ასახავდეს ჩვენს სიტყვებს. მომენტი მოითხოვს, რომ ჩვენი ურყევი ვალდებულება შეესაბამებოდეს ჩვენს დაპირებას, „რამდენი ხანი დასჭირდება“, – ხაზგასმით აღნიშნეს კალასმა და ორპომ.
მათ მიაჩნიათ, რომ ევროპის რეაქცია ატლანტის ოკეანის გადაღმა გაუგზავნის სიგნალებს მეგობრებს, უკრაინას და რუსეთს, რომ ევროკავშირი მზად არის ომის ხანგრძლივი ეტაპისთვის და რომ ევროკავშირი არ დაიღლება პირველი.
„აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საბჭომ (ევროკავშირის სამიტი - რედ.) კიდევ ერთხელ დაადასტუროს ძლიერი საბიუჯეტო და სამხედრო მხარდაჭერა და გადაწყვიტოს უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, რითაც ხაზს გაუსვამს ჩვენს მტკიცე ერთგულებას მისი ევროპული მომავლის მიმართ.
ჩვენ დავეხმარებით უკრაინის დაცვაში. ჩვენ არ დავემორჩილებით მუქარას და არ წავალთ კომპრომისზე, როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე ჩვენი ხალხის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის",- განაცხადეს ორპომ და კალასმა.


