კუბილიუსი – ორბანს: თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას
13/12/2023 13:03:39 მსოფლიო
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ თუ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ეს ღალატი იქნება.
"პოზიტიური გადაწყვეტილება გაფართოებასა და უკრაინის თაობაზე, რომელიც ხვალ მიიღება, შეცვლის მთელი ევროპის კონტინენტის ისტორიას. მაგრამ, თუ ვიქტორ ორბანი გადაწყვეტს, ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ღალატი. ის უღალატებს უკრაინელებს, რომლებიც კვდებიან საკუთარი ქვეყნისა და მთელი ევროპის დაცვისას, ის უღალატებს უკრაინაში მცხოვრებ უნგრულ უმცირესობას, რომელიც გაერთიანდა და თხოვნით მიმართა ორბანს, მხარი დაუჭიროს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას. ის უღალატებს დასავლეთ ბალკანეთს, რადგან უკრაინა ახლა ყინულმჭრელის როლს თამაშობს გაფართოების პროცესში, რომელიც ბოლო წლებში ისტორიულ სტაგნაციას განიცდის და ამის პირველი მსხვერპლი სწორედ დასავლეთ ბალკანეთია. ის უღალატებს მთელ ევროპას. არ არის სასიამოვნო, როდესაც ღალატის მომსწრე ხდები, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ბატონო ორბან, თქვენ ვერ მოუგებთ მთელ ევროპას და ვერ მოუგებთ უკრაინას", – განაცხადა კუბილიუსმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე: მედია: ორბანი მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა უკრაინის საკითხზე.


