მედია: რუსეთმა "ჰამასის" ტაქტიკის გამოყენება დაიწყო ჯარების გადასაადგილებლად
13/12/2023 12:27:14 მსოფლიო
რუსული ჯარები დონეცკის გარშემო ქვანახშირის ძველ მაღაროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე ფარული შეჭრისთვის იყენებენ. "ჰამასის" ტერორისტები დიდი ხანია იყენებდნენ ასეთ ტაქტიკას ბოევიკების ღაზას სექტორში გადასაადგილებლად,– წერს "მოსკოვ ტაიმსი".
კრემლის მხარდამჭერმა სამხედრო კორესპონდენტმა ალექსანდრე სლადკოვმა თავის ტელეგრამ–არხზე ისაუბრა დონეცკის გვირაბების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ფრონტის ხაზთან არის მრავალი მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელთაც მაღაროელები იყენებდნენ: „ახლა ისინი გამოიყენება როგორც უსაფრთხო გადასასვლელები მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ და ჩვენი მოულოდნელი შეტევითი მანევრებისთვის“.
მანამდე რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში (ამ რეგიონების ანექსიამდე) 114 მაღარო იყო კონსერვაციის ან ლიკვიდაციის ეტაპზე.
ჰამასი მრავალი წლის განმავლობაში იყენებს მიწისქვეშა გადასასვლელების ფართო სისტემას სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე შესაღწევად. ასე იყო ისრაელზე 7 ოქტომბერს თავდასხმის დროს, – ამტკიცებს IDF.
4 დეკემბერს IDF-მა განაცხადა ღაზას სექტორში 800-ზე მეტი გვირაბის აღმოჩენის შესახებ, რომელთაგან 500 განადგურდა, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით.
ისრაელის სამხედროების ცნობით, გვირაბები გადის ღაზას სექტორში სკოლებისა და სპორტული ცენტრების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ. ამ გვირაბების სისტემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. "ჰამასის" ლიდერების თქმით, მათი სიგრძე 500 კილომეტრს აღწევს, სიღრმე კი 35 მეტრს.
მედია წერს, რომ ისრაელმა გვირაბების დატბორვა დაიწყო ზღვის წყლით.


