კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
13/12/2023 06:17:56 მსოფლიო
კიევის მერიის მიერ განახლებული მონაცემებით, რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა. 18-ს, მათ შორის ორ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო შეტევისას დაზიანდა ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორია. დაშავდა ერთი ადამიანი. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კიევის დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე რიგით მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.


