რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა პუტინის რეჟიმს შიგნიდან "დარტყმა" უწინასწარმეტყველა უკრაინასთან ომში მსხვერპლის გამო
12/12/2023 14:04:34 მსოფლიო
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვალერი ზორკინმა კონსტიტუციის 30 წლისთავთან დაკავშირებთ თავის მიმართვაში შიდა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და კრემლი შესაძლო შიდა დარტყმების თაობაზე გააფრთხილა, მათ შორის, უკრაინის ომში დიდი დანაკარგებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო.
„ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური სირთულეები, რომლებიც გარდაუვალია კოლექტიური დასავლეთის ძალებთან მიმდინარე რთულ დაპირისპირებაში, მოითხოვს არა მხოლოდ ერის სულიერი პოტენციალის მობილიზებას, არამედ ხელისუფლების, ელიტის და ხალხის ურთიერთქმედების ახალ ხარისხს. ეს ურთიერთქმედება დარტყმის ქვეშ იქნება არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა ძალებისგანაც, რომლებიც ნიჰილისტურად არიან განწყობილები",– თქვა მან.
მისი თქმით, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული „ეთნოკულტურული დაძაბულობაც“. „რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ეთნიკური და რელიგიური იდენტობების ფორმირება და გაძლიერებაც კი დაიწყო, რომელთა ლოიალობაც სრულიად რუსული სოციალურ-კულტურული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ველის მიმართ ორაზროვანია“, - აღნიშნა ზორკინმა.
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, კიდევ ერთი საფრთხეა კორუფცია, „რომელმაც უკვე შეიძინა ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ხასიათი“. „ლათინურიდან თარგმნილი კორუფცია ნიშნავს დაზიანებას, განადგურებას, დაშლას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალაუფლების ინსტიტუტების რღვევაზე, რაც სოციალური ურთიერთობების სისტემის დანგრევასაც ნიშნავს, რომელზეც ვრცელდება ეს ძალაუფლება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზორკინმა.


