რუსებსა და ბელარუსებს მასობრივად უწევთ თურქეთის დატოვება
12/12/2023 11:02:27 მსოფლიო
ბინადრობის ნებართვების გაცემაზე მასობრივად უარის თქმის შემდეგ, რუსებმა მასშტაბურად დაიწყეს თურქეთის დატოვება. თურქეთის მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, თურქეთი რუსეთის დაახლოებით 53 000 მოქალაქემ დატოვა. წლის დასაწყისიდან მათი რაოდენობა ქვეყანაში 34%-ით შემცირდა.
2022 წელს რუსებმა პირველი ადგილი დაიკავეს უცხოელებს შორის ბინადრობის ნებართვაზე დამტკიცებული განაცხადების რაოდენობის მიხედვით: მათი რაოდენობა დაახლოებით 154 000 იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ეკონომიკის სააგენტოს ცნობით, რუსი მიგრანტების თავმოყრის ძირითადი ქალაქი – ანტალია ზაფხულში და სექტემბერში 17 000-მა მაცხოვრებელმა დატოვა.
რუსებისა და ბელარუსებისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მაღალ დონეზე, ანკარაში,– იტყობინება თურქეთის პროვინცია მუგლას ერთ-ერთი რეგიონალური ადმინისტრაცია. თითქმის ყველა, ვისზეც ის 2022 წლის თებერვლის შემდეგ გაიცა, იღებს უარს ბინადრობის ნებართვის განახლებაზე. ყველაზე მდიდარ მიგრანტებსაც კი შეექმნათ პრობლემები.
„გავლენიანმა თურქმა მესაკუთრემ, რომელიც რუსებზე თვეში რამდენიმე ათეულ ათას დოლარად აქირავებდა ელიტარულ ვილას ზღვის სანაპიროზე, ვერ მოახერხა ბინადრობის ნებართვაზე მოლაპარაკება ერთ-ერთი ქალაქის მერთან პირადი ნაცნობის მეშვეობით. რუსები წავიდნენ“, - ამბობს, "მოსკოვ თაიმსის" ცნობით, კონსულტანტი ბინადრობის ნებართვის აღების საკითხებში.
ამჟამად დაახლოებით 100 000 რუსი ცხოვრობს თურქეთში ბინადრობის ნებართვით, მაგრამ მათი რაოდენობა სწრაფად შემცირდება დოკუმენტების ვადის ამოწურვის შემდეგ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანალოგიური პროცესები ვითარდება ბელარუს მიგრანტებთან მიმართებითაც, ხოლო უკრაინელებს ვადას უხანგრძლივებენ. ანტალიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ალი ბაჰარმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უცხოელების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა.


