ლუქსემბურგის პრემიერი: ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია, ვაჭრობა მიუღებელია, არსებობს წესები!
12/12/2023 09:50:07 მსოფლიო
ლუქსემბურგის პრემიერი–მინისტრი, მათ შორის, უნგრეთს შეახსენებს საკუთარ ისტორიას და საუბრობს "ვაჭრობის" მიუღებლობაზე".
"არ მინდა, ერთი რომელიმე ქვეყანა გამოვყო. ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ, მოლდოვა და უკრაინა, მეორეს მხრივ საქართველო და ასევე დასავლეთ ბალკანეთი. არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმი, რომელიც წარმოადგენს ხერხემალს და ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული. ასე რომ, მე ველოდები საბჭოს გადაწყვეტილებას, ასევე სტრასბურგში უნდა მიიღოს კომისიამ დღეს გადაწყვეტილებები. ამ შედეგებს კარგად მოუსმენენ სხვა დედაქალაქებშიც. ამდენად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ორი ქვეყანა არ არის, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს. ასევე არსებობს ბალკანეთი. გარდა ამისა, იმ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინაა ახლა, გასულ წელს და განსაკუთრებით გასულ თვეში ისეთი პროგრესი განიცადა, რომ ეს ნამდვილად საოცარია. გაფართოების მომხრე ყოველთვის ვარ. დღეს არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ გაფართოება არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ძვირი დაგვიჯდება. ასეთ ქვეყნებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ვერ იქნებოდნენ დღეს ევროკავშირის წევრები, ჩვენ რომ ადრე ანალოგიურად გვეფიქრა. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ისტორია. ეს ეხება უნგრეთსაც. აქ ვაჭრობა არ უნდა იყოს. არსებობს წესები, რომლებიც დაცული უნდა იქნას. თუ ვეტოს ადებს ვინმე, მე უნდა ვიცოდე, რატომ ხდება ეს",– თქვა ლუქსემბურგის პრემიერ–მინისტრმა ქსავიე ბეტელიმ ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.


