ხაბაროვსკში ბავშვებს რუსულის ნაცვლად უკრაინული სიმბოლოებით გაფორმებული სერთიფიკატები გადასცეს
12/12/2023 08:25:11 მსოფლიო
ხაბაროვსკის №122 საბავშვო ბაღის გამგემ და ფიზკულტურის ინსტრუქტორმა თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები მას შემდეგ დაწერეს, რაც აღსაზრდელებს სერთიფიკატები გადასცეს უკრაინული სიმბოლოებით. ამის შესახებ ქალაქის მერმა სერგეი კრავჩუკმა განაცხადა.
ირკვევა, რომ გასულ კვირას გაიმართა სპორტული ღონისძიება, რომელშიც სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ღონისძიების მონაწილეთა ნაწილმა მიიღო სერთიფიკატები უკრაინული სიმბოლოებით.
12 დეკემბერს ხაბაროვსკის მერმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ბაღის „ფიზიკური კულტურის ინსტრუქტორმა სიგელების ნიმუშები ინტერნეტში იპოვა და ამობეჭდა, საბავშვო ბაღის გამგემ კი ბეჭედი დაუსვა ისე, რომ გამოსახულებისთვის ყურადღება არ მიუქცევია“. კრავჩუკის ინფორმაციით, ინსტრუქტორმა და გამგემ სამსახური დატოვეს.
მერი მიიჩნევს, რომ ბავშვები „უნებლიეთ გახდნენ საინფორმაციო ზეწოლის ობიექტები“, რისთვისაც ბავშვებს და მათ მშობლებს ბოდიშს უხდის. ხაბაროვსკის მერმა გადაწყვიტა, რომ ამ „ინციდენტის“ შემდეგ „სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების კოლექტივებში ჩატარდეს დამატებითი ღონისძიებები პატრიოტული აღზრდის ამოცანებისთვის“.


