უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 900 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს მიიღებს
12/12/2023 05:43:37 მსოფლიო
უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 900 მილიონი დოლარის ოდენობის მორიგ ტრანშს მიიღებს.
აღნიშნული თანხა 4-წლიანი საკრედიტო პროგრამიდან გამოიყოფა, რომლის საერთო მოცულობა 15,6 მილიარდი დოლარია.
წელს უკრაინამ ამ პროგრამით 4,5 მილიარდი აშშ დოლარი უკვე მიიღო.
ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონშია. იგი აშშ–ს 11 დეკემბერს ეწვია. იმავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს და არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთანაც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებსაც.
დღეს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონსაც და სიტყვით გამოვა სენატში.
კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.


