ზელენსკი: პუტინი უნდა დამარცხდეს და აშშ-ს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინის იმედი ისევე, როგორც უკრაინას აქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი
12/12/2023 05:28:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მისი ქვეყნის შემდგომი დახმარების გაჭიანურებით მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა.
"კონგრესში გადაუწყვეტელი საკითხები შთააგონებს მხოლოდ პუტინსა და მის ავადმყოფ გარემოცვას, რადგან როცა შეფერხებებს და სკანდალებს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ოცნება შესაძლოა, რეალობად იქცეს. ისეთებს, როგორიც პუტინია, თავისუფლების დამარცხების იმედიც კი არ უნდა ჰქონდეთ. რუსეთს იმაზე გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინის მიწა და რესურსებია და უკრაინა მხოლოდ პლაცდარმად სჭირდება. პუტინი უნდა დამარცხდეს და აშშ-ს შეუძლია, ჰქონდეს უკრაინის იმედი ისევე, როგორც უკრაინას აქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი", – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში 11 დეკემბერს ჩავიდა. იმავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს და არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთანაც. შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას დაუმტკიცა კიდევ 900 მილიონი დოლარის ტრანში 4-წლიანი საკრედიტო პროგრამიდან, რომლის საერთო მოცულობა 15,6 მილიარდი დოლარია. წელს უკრაინამ ამ პროგრამით უკვე მიიღო 4,5 მილიარდი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა სამხედრო-სამრეწველო კომპანიების წარმომადგენლებსაც.
დღეს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონსაც და სიტყვით გამოვა სენატში.
ცნობისთვის: კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს.


