პოლონეთი–უკრაინის საზღვარზე ერთ–ერთი გამშვები პუნქტის გავლით სატვირთო მანქანების მოძრაობა აღდგა
11/12/2023 15:58:23 მსოფლიო
11 დეკემბერს პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე იაგოდინ-დოროგუსკის გამშვები პუნქტის გავლით სატვირთო მანქანების სტაბილური მოძრაობა აღდგა. გადასასვლელი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ბლოკირებული. სხვა საგუშაგოების მუშაობა ამ დრომდე სეჩერებულია.
უკრაინის საზოგადოების განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვის თქმით, საზღვრის გადასასვლელის გადაკვეთის განბლოკვა შესაძლებელი გახდა პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად.
"ეს რთული სამუშაო იყო, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. საზღვარი მთლიანად უნდა განიბლოკოს",– თქვა მინისტრმა.
უკრაინული მედია წერს, რომ მიღწეულია შეთანხმება დანარჩენი საგუშაგოების ეტაპობრივი გახსნის შესახებაც.
პოლონელმა გადამზიდავებმა 6 ნოემბერს უკრაინის საზღვარზე სატვირთო მიმოსვლა გადაკეტეს. მათ მოთხოვნებს შორის იყო უკრაინის საერთაშორისო გადამზიდავებისთვის ე.წ. სატრანსპორტო უვიზო რეჟიმის გაუქმება, რომელიც უკრაინულ სატრანსპორტო კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე ოპერირების საშუალებას აძლევდათ. პოლონურ გადამზიდავებს, რომლებსაც ევროკავშირში ყველაზე დიდი ავტოპარკი აქვთ, უკრაინულთან კონკურენციის ეშინიათ, აღნიშნავს Forbes-ის უკრაინული სამსახური. მსგავსი ქმედება შემდგომში ასევე სლოვაკეთ- უკრაინის საზღვარზეც განხორციელდა.


