კლიმენკო: უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 102 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაულია დაფიქსირებული
11/12/2023 15:41:30 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 102 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული დაფიქსირდა, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
„ეს არის საშუალოდ 160 დანაშაული დღეში. მათ შორისაა დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სროლა, მშვიდობიანი მოქალაქეების შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობა, უკანონო დეპორტაცია, გატაცება და უკანონო პატიმრობა. რუსული შეიარაღებული აგრესიის გამო უკრაინაში არც ერთი სრულიად უსაფრთხო ადგილი არ არის“, - განაცხადა კლიმენკომ.
მისი თქმით, მუდმივად ივსება „ომის დამნაშავეების“ მონაცემთა სპეციალური ბაზა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიაში მონაწილე ყველა იდენტიფიცირებული პირის მონაცემებია შეტანილი - ამჟამად რეესტრში 240 ათასზე მეტი ჩანაწერია.
„მოგროვილი ინფორმაცია პარტნიორებს გავუზიარეთ ევროპოლისა და ინტერპოლის არხებით, ასევე გავცვალეთ მონაცემები ცალკეული ქვეყნების მოთხოვნით“, - დასძინა შსს-ს ხელმძღვანელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, კლიმენკომ ამ მონაცემებზე იაპონიაში G7-ის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ონლაინ შეუერთდა.
კრემლი უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესახებ.


