შვედეთი უკრაინას დახმარების მსხვილ პაკეტს გადასცემს
11/12/2023 13:47:26 მსოფლიო
შვედეთი უკრაინას 1,4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოყუფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პირობებში მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
მხარდაჭერის ახალი პაკეტი ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ფორსელმა წარადგინეს.
როგორც კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა უკრაინისადმი შვედეთის ორმხრივი დახმარების ფარგლებში.
თანხების უმეტესი ნაწილი, 900 მილიონი, გადაეცემა მსოფლიო ბანკის უკრაინის აღდგენის ფონდს. ფონდი მხარს უჭერს უკრაინის ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ჯანდაცვასა და ტრანსპორტს.
შვედეთის დახმარება სხვა საკითხებთან ერთად, მოხმარდება გათბობის მოწყობილობების შეძენას და უკრაინის ელექტრო ქსელის სიმძლავრის გაზრდას. საუბარია სხვა ღონისძიებებზეც, რომლებიც უკრაინელებს ზამთრის გადატანაში დაეხმარება, მაგალითად, თავშესაფრების მშენებლობა.
ფორსელის თქმით, სწორედ ამას ითხოვდა უკრაინული მხარე. მან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ „ენერგეტიკული ტერორიზმის“ განხორციელებაში დაადანაშაულა:
"რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა კიდევ უფრო გაართულოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უკვე ისედაც მძიმე განსაცდელი. ამ პაკეტით ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას ახლის აშენებაში და დანგრეულის აღდგენაში".
კრისტერსონმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაფართოებულ გრძელვადიან ბიუჯეტზე ამ კვირაში ბრიუსელში გამართულ სამიტზე.
"მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება ჩვეულებრივ ევროპულ უთანხმოებებს, რომელიც ზოგჯერ იჩენს თავს. დიდი შედეგები მოჰყვება, თუ ჩვენ არ შევთანხმდებით," – თქვა მან.


