FT: ევროკავშირი გეგმავს, წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის დამოუკიდებლად ბლოკირების უფლება მისცეს
08/12/2023 12:46:28 მსოფლიო
ევროკავშირმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად დაბლოკონ გაზის იმპორტი რუსეთიდან და ბელარუსიდან,– იუწყება Financial Times.
გამოცემის ცნობით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას შეეძლება ნაწილობრივ სრულად შეზღუდოს რუსული და ბელარუსული კომპანიების წვდომა მათ გაზსადენებსა და თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპულ ენერგოკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, რუსული გაზის მიმწოდებლებთან კონტრაქტები დიდი ოდენობით კომპენსაციის გადახდის გარეშე შეწყვიტონ.
როგორც Financial Times აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ ეტაპობრივად შეამცირა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, იგი მაინც იღებს რუსეთიდან გაზის მარაგის დაახლოებით მეათედს. ზოგი ქვეყანა, განსაკუთრებით, ავსტრია და უნგრეთი დიდწილად, რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულნი.
FT–ის ცნობით, თხევადი გაზის უმსხვილესი იმპორტიორები რუსეთიდან ესპანეთი და ბელგია არიან.


