რუსეთში, სკოლაში მომხდარი სროლის გამო თავდამსხმელის მამა დააკავეს
08/12/2023 08:29:55 მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკის მე-5 გიმნაზიაში მომხდარი სროლის გამო მერვეკლასელის მამა დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის აღძრეს. ასევე იუწყებიან, რომ დაკავებულები არიან სკოლის დაცვის თანამშრომელი და კერძო დაცვის კომპანიის (PSC) ხელმძღვანელი.
ტელეგრამ–არხ Baza–ს ცნობით, გოგონამ Bekas-3–იდან ისროლა. მამამისს იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა ჰქონდა და შენახვის პირობების შემოწმებისას მფლობელის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა.
არხის ცნობით, გამომძიებლები ბრიანსკში მოსკოვიდან ჩავიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა კომპანია «Агентство Экскалибур»–ს ოფისში, ასევე გენერალური დირექტორის სერგეი პოდუბნის ბინაში, ის და დაცვის თანამშრომელი გალინა ჩერტკოვა დააკავეს მუხლით, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოს შესრულებას ან სერვისის მიწოდებას, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.
სახელისუფლებო მედია წერს, რომ გიმნაზიაში ლითონის დეტექტორი არ იყო დამონტაჟებული.
7 დეკემბერს ბრიანსკის მე–5 გიმნაზიის მერვეკლასელმა ალინამ სკოლაში მამამისის იარაღი მიიტანა და გაკვეთილზე ცეცხლი გახსნა, შემდეგ თავი მოიკლა. შედეგად ერთი გოგონა დაიღუპა, ერთი ბიჭი მძიმედ დაშავდა და რეანიმაციაში იმყოფება. კიდევ ოთხმა თანაკლასელმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ალინას კლასის მასწავლებელმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გოგონა "არც ცოცხალი იყო და არც მკვდარი". მედია წერს, რომ ის თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.


