ევროკავშირმა ფინეთ-რუსეთის საზღვრის დასაცავად მესაზღვრეები გაგზავნა
08/12/2023 05:20:02 მსოფლიო
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-მა ფინეთ-რუსეთის საზღვრის მონიტორინგისთვის თავისი 55 თანამშრომელი გაგზავნა მას შემდეგ, რაც ფინეთის ხელისუფლებამ მიგრანტების შემოდინების გამო ყველა სასაზღვრო პუნქტის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Frontex-ის პრეს–სპიკერმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს 55 ოფიცერი ამჟამად განლაგებულია ფინეთში, მათ შორის უმეტესობა მესაზღვრეა, რომელიც საზღვარს აკონტროლებს.
30 ნოემბრიდან ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სულ მცირე ორი კვირით მთლიანად დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული. ქვეყანამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსი მესაზღვრეები იმ მგზავრებს, რომლებსაც ფინეთში შესასვლელად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.


