Baza: ასობით უცხოელს რუსული პასპორტის მიღების შემდეგ ჯარში უკრეს თავი
07/12/2023 20:24:35 მსოფლიო
350-ზე მეტ უცხოელს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, სამხედრო სამსახურში უკრეს თავი, - იუწყება ტელეგრამ–არხი Baza.
რუსეთი აქტიურად ცდილობს მიგრანტების მიზიდვას, მათ ჰპირდება მოქალაქეობას ომში მონაწილეობის სანაცვლოდ. პარალელურად, მედია რეგულარულად აფიქსირებდა რუსი ძალოვანების მიერ იმ უცხოელების მოსაძებნად ჩატარებულ რეიდებს, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა, მაგრამ არ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს, შემდეგ კი იძულებით გაამწესეს სამხედრო სამსახურში. მსგავსი აქტივობა დაფიქსირდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის პეტერბურგსა და მოსკოვში. მიგრანტებს მეჩეთებშიც კი აკავებენ და სამხედრო რეგისტრაციას უტარებენ, სთავაზობენ სამხედრო სამსახურის ხელშეკრულებების გაფორმებას, უარის შემთხვევაში დაკავებით ემუქრებიან. მაგალითად, ჯარში გაწვევის შესახებ ცნობები გადასცეს 50–მდე აზერბაიჯანელს, რომლებიც ერთ–ერთ რესტორანში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათ ჯერ დოკუმენტები შეუმოწმეს, შემდეგ კი აღრიცხვაზე დააყენეს.
პარალელურად კრემლის მომხრე პოლიტიკოსების მხრიდან ჟღერს მოწოდებები, რომ მოქალაქეობა ჩამოერთვას ყველას, ვისაც არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა.


