მინისტრი: უკრაინა ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად დაამზადებს 155 მმ-იან საბრძოლო მასალას
07/12/2023 19:10:19 მსოფლიო
უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა ვაშინგტონში თავდაცვის კონფერენციის DFNC1 შედეგების შემდეგ გამოაცხადა შეთანხმება 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებაზე.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება ორ წამყვან ამერიკულ კომპანიასთან უკრაინაში 155 კალიბრის საბრძოლო მასალის ერთობლივ წარმოებაზე“, - თქვა კამიშინმა უკრაინეული ტელემარათონის ეთერში კომპანიების დაკონკრეტების გარეშე.
თუმცა, თქვა ისიც, რომ ამ პროექტების განხორციელებას დრო დასჭირდება.
"ამ პროცესს მინიმუმ, ორი წელი სჭირდება, მაქსიმუმ – სამი. და ამ წარმოების დასაწყებად ჩვენ ტექნოლოგიები გვჭირდება, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. უკრაინას არასოდეს უწარმოებია ეს კალიბრები." – განმარტა მან.
155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებზე მოთხოვნა გაიზარდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს კიევში ორ მილიონზე მეტი ასეთი ჭურვი. ახლა დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ გაზარდონ საარტილერიო ჭურვების წარმოება, რათა შეავსონ თავიანთი მარაგი და უზრუნველყონ უკრაინა.
უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის კონფერენციის პირველი დღის შემდეგ თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება აშშ-სა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს განზრახვას ერთობლივად აწარმოონ და გაცვალონ ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაუდებელი ოპერატიული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, რემონტისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში და კრიტიკული საბრძოლო მასალის წარმოებაზე.


