"სამხედროს შვილი გაიტაცა" – უკრაინაში რუსი სამხედრო დაუსწრებლად გაასამართლეს
07/12/2023 16:46:01 მსოფლიო
ჩერნიგოვის ოლქის სასამართლომ რუს სამხედროს ნიკოლაი ხაჩატურიანს დაუსწრებლად მიუსაჯა 12–წლიანი პატიმრობა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიის მიერ რეგიონის ოკუპაციის დროს 15 წლის მოზარდის მძევლად აყვანის საქმეზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იტყობინება.
სამხედრო მოსამსახურე დამნაშავედ იქნა ცნობილი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში.
გამომძიებლების ინფორმაციით, 2022 წლის 19 მარტს რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნიგოვის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან 15 წლის მოზარდი გაიტაცეს. გატაცების ორგანიზატორი იყო ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 არმიის 21-ე ცალკეული მოტორიზებული შაშხანის ბრიგადის მეთაური ნიკოლაი ხაჩატურიანი.
გამტაცებლებს მოზარდი ოთხი დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყველებული, რათა დედამისზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეზე მოეხდინათ ზეწოლა და მიეღოთ ინფორმაცია უკრაინის არმიის დანაყოფების ადგილმდებარეობის შესახებ. გამოძიების ცნობით, რუსი სამხედროები ქალზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
„სისტემურად ურეკავდნენ და უგზავნიდნენ მესიჯებს ვაჟზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების მუქარით. არასრულწლოვანი ავტოფარეხებსა და სარდაფებში არასათანადო სანიტარიულ პირობებში იმყოფებოდა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობას მოკლებული იყო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოზარდის დედამ დახმარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. სპეცსამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც მათ მოახერხეს მოზარდის გათავისუფლება და არ დაუშვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების განლაგების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა რუსეთის არმიის სარდლობისთვის.


