ამჯერად მთელს ესტონეთში მიიღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეტყობინებები აფეთქების მუქარით
07/12/2023 12:28:37 მსოფლიო
ხუთშაბათს დილით ესტონეთის სკოლებმა აფეთქების მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მიიღეს. ამის შესახებ ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაური ლაენემეცმა განაცხადა, წერს Postimees.
მსგავსი მუქარის შემცველი მესიჯები ლიეტუვაში ოთხშაბათს გაიგზავნა, – თქვა მინისტრმა.
"ეს არის მორიგი ჰიბრიდული თავდასხმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ცოტა ხნის წინ, მსგავსი თავდასხმა განხორციელდა სლოვაკეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე", - განაცხადა ლაენემეცმა.
შსს-ს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ პოლიციამ და საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა ოთხშაბათს წინასწარ გააფრთხილა საგანმანათლებლო დაწესებულებები მსგავსი ქმედების შესახებ, ასევე მისცა მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა უნდა გაითვალისწინონ მუქარის შემთხვევაში.
მისი თქმით, სიტუაციამ ნათლად აჩვენა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კრიზისული სწავლებების დამატებითი საჭიროება აქვთ.
„ამ კვირაში უკვე ჩატარდა მსგავსი წვრთნები, დღესაც გაიმართება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ წვრთნებზე 300-მდე სასწავლო დაწესებულებაა დარეგისტრირებული.
ლიეტუვაში 6 დეკემბერს ასობით სკოლასა და სამთავრობო დაწესებულებაში მიიღეს ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება. ერთი დღით ადრე სლოვაკეთი აღმოჩნდა მსგავსი მუქარის ტალღის წინაშე.


