რუსეთში მერვეკლასელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა, არის მსხვერპლი
07/12/2023 07:21:08 მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ სროლა მოაწყო. იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით.
ცნობაში აღნიშნულია, რომ გოგონა მე-5 გიმნაზიის მერვე კლასის მოსწავლეა, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში სროლის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
"მერვე კლასის მოსწავლეს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, საიდანაც რამდენჯერმე გაისროლა", - ნათქვამია შეტყობინებაში.
მანამდე მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქის 14 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაზე თავდასხმას გეგმავდა. ტელეგრამ–არხ "ბაზას" ცნობით, მოსწავლემ სამიზნედ მე-15 სკოლა აირჩია.
როგორც მასალაშია აღნიშნული, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ სოციალურ ქსელში რამდენიმე "პოსტი" გამოაქვეყნა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში სროლის სურვილზე მიუთითებდა. შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მოზარდი თავდასხმის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების შეძენით იყო დაინტერესებული.
განახლება
სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.
წინასწარი მონაცემებით, მერვეკლასელმა ცეცხლი მამამისის იარაღიდან გახსნა. თვითმხილველების თქმით, გოგონამ თავი მოიკლა.
ტელეგრამ–არხი Shot იუწყება, რომ დაღუპულთა შორის მსროლელი მოზარდიცაა, რომელმაც თავი მოიკლა.
ტელეგრამის– არხის ცნობით, გოგონამ ბიოლოგიის გაკვეთილის მიმდინარეობისას გახსნა ცეცხლი მოსწავლეების მიმართულებით. ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე ბიჭები იყვნენ, რომლებიც მას დასცინოდნენ.
Baza წერს, რომ მოკლულია 13 წლის მარია ნ., ხოლო ოთხი ბიჭი დაიჭრა. Mash წერს, რომ დაჭრილი ხუთია.


