ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სეულის თავდაცვის მთავარი საიდუმლოებებიც იგდეს ხელთ
07/12/2023 07:03:30 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში იძიებენ მოიპარა თუ არა "ანდარიელის" სახელით ცნობილმა ჩრდილოეთ კორეულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის ტექნოლოგიების, მათ შორის, საზენიტო ლაზერების შესახებ,– იუწყება Reuters.
გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროც (FBI) არის ჩართული.
როგორც სააგენტოს ქალაქ სეულის პოლიციის ხელმძღვანელმა ჯონგ ჯინ-ჰომ განუცხადა, გამომძიებლები ცდილობენ, დაადგინონ, რა მასშტაბის ინფორმაციის მოპოვება შეძლეს ჰაკერებმა.
მანამდე სამხრეთ კორეული მედია წერდა, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა ინფორმაციის მოპოვება 14 დაწესებულებიდან შეძლო და მათ შორის, სამხრეთ კორეის თავდაცვის მთავარი საიდუმლოებებიც იგდო ხელთ.
სამხრეთ კორეის პოლიციის თქმით, "ანდარიელის" მიერ განხორციელებული თავდასხმა სწორედ თავდაცვის ფირმების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ფარმაცევტული კომპანიების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჰაკერებმა დაახლოებით 1.2 ტერაბაიტი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს "ანდარიელი" უცხოურ ბიზნესებზე, სამთავრობო უწყებებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე თავდასხმის გამო ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერების ჯგუფების სიაში ჰყავს შეყვანილი.


