G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის შემზღუდველ ზომებზე შეთანხმდა
07/12/2023 06:54:36 მსოფლიო
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები რუსული ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვისთვის საჭირო ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ.
შემზღუდველი ზომების ძალაში შესვლა დაგეგმილია მომდევნო წლის 1 მარტისთვის.
"2024 წლის 1-ლი იანვრისთვის რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს დავაწესებთ. ამას მოჰყვება ეტაპობრივი შეზღუდვა მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტების იმპორტზე. ამ შეზღუდვების სავარაუდო დაწყების თარიღია 2024 წლის 1-ლი მარტი". - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ G7-ის განცხადებაში.
გარდა ამისა, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის G7-ის ქვეყნები, რომლებიც დაუმუშავებელ ბრილიანტის იმპორტიორები არიან, ამ ტიპის პროდუქციის შესამოწმებლად დამატებით მექანიზმს შემოიღებენ, მათ შორის სავალდებულო სერტიფიცირებას.


