ისრაელსა და გაერო–ს შორის კონფლიქტი გამწვავდა
07/12/2023 06:45:23 მსოფლიო
ისრაელმა გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაეროს გენერალ მდივან ანტონიუ გუტერეშს.
5 დეკემბერს გუტერეშმა გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევიდან პირველად ისარგებლა გაეროს წესდების 99-ე მუხლით, რომელიც უფლებას აძლევს, უშიშროების საბჭოს მიმართოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სარისკო საკითხით და მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელოს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის შესაჩერებლად, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმა ისრაელის არმიის მიერ სახმელეთო ოპერაციის გაფართოებამ სამხრეთით.
გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ გენერალურმა მდივანმა მორალური დაცემის ახალ ზღვარს მიაღწია. მან და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდეს. ერდანის შეფასებით, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდება რეალურად ნიშნავს მოწოდებას „ჰამასის“ ტერორის გაგრძელებისკენ. ისრაელი აცხადებს, რომ გაეროს სჭირდება გენერალური მდივანი, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმთან ომს და არ მოქმედებს „ჰამასის“ მიერ დაწერილი სცენარით.
ისრაელმა გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა ოქტომბრის ბოლოსაც. მაშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე არ მომხდარა, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს.


