ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
07/12/2023 06:27:02 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდერი ერმაკმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან სატელეფონო საუბრისას განიხილა უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესაძლო შეხვედრა.
სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ერმაკმა ისაუბრა "უკრაინის პრეზიდენტის დავალებით".
"თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ასეთი შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღის დადგენაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერმაკმა და სიარტომ განიხილეს უკრაინის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.
„უახლოეს დღეებში უკრაინის უზენაესი რადა გეგმავს არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებას ევროინტეგრაციისთვის. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა ერმაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროსაბჭოს დეკემბრის სხდომაზე, რომელიც 14-15 დეკემბერს გაიმართება, დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
მანამდე უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. „დღეს ამის პირობები არ არსებობს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა, ვერ მიაღწიონ კონსენსუსს უკრაინის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს სამიტის დღის წესრიგში.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ წერილში ორბანი მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, დღის წესრიგში არ დააყენოს გადაწყვეტილებები უკრაინის მაკროფინანსური დახმარებისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.


