Accentnews.ge
აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

07/12/2023 05:47:15 მსოფლიო

აშშ–ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის უკრაინისთვის და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისიწინებდა.

კერძოდ, 6 დეკემბერს სენატში დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის დასაწყებად საჭირო პროცედურული კენჭისყრა ჩატარდა. მომხრე 49 სენატორი იყო, წინააღმდეგი - 51. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო 100-დან, სულ მცირე, 60 სენატორის მხარდაჭერა.

ხმა წინააღმდეგ მისცეს ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა, დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა და ბოლო მომენტში სენატის დემოკრატმა სპიკერმა ჩაკ შუმერმაც, რათა "შესაძლებლობა ჰქონდეს სენატს მიმართოს საკითხის გადახედვის წინადადებით".

დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს 110 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის (61 მილიარდი) და ისრაელის დასახმარებლად და სამხრეთის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებასა და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "პოლიტიკური შანტაჟი" უწოდა რესპუბლიკელების მუქარას, რომ მათი მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება.

კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. ვითარებას ის ართულებს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება.

რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.

6 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, თუ კონგრესი დამატებითი დაფინანსების საკითხს არ გადაწყვეტს, ეს უკრაინის დახმარების ერთ-ერთი ბოლო პაკეტი იქნება.

თეთრმა სახლმა კონგრესი უკვე გააფრთხილა, რომ თუ წლის ბოლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, აშშ-ს აღარ ექნება უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S