პუტინის მუქარას ლატვიის პრეზიდენტი გამოეხმაურა
06/12/2023 11:53:25 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარდს რინკევიჩმა კომენტარი გააკეთა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის მუქარაზე ბალტიისპირეთის ქვეყნის მიმართ, რომ თუ რიგია გააგრძელებს "მიმდინარე პოლიტიკას რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ", ხელისუფლებას ექნება "შესაბამისი დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით".
სახელმწიფოს მეთაურმა ამას დაშინების პოლიტიკა უწოდა და გაიხსენა, რუსული პროპაგანდის ნარატივები იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ან ის, ვინც „რუსულ სამყაროს“ მიეკუთვნება, თითქოს სასტიკ მოპყრობას ექვემდებარება.
„სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, დამალოს ყველა ის სისასტიკე, რასაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სჩადის. ეს პირდაპირი მუქარაც კი არ იყო, ეს იყო ანტისამთავრობო ქმედებებისკენ მოწოდების მცდელობა მათდამი, ვინც თავს ჯერ კიდევ რუსული სამყაროს ნაწილად გრძნობს თავს და ვინც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ცხოვრობს", - განაცხადა რინკევიჩსმა Neatkarīgās–თან ინტერვიუში.
ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლოს დროს გახშირდა რუსეთის მცდელობები, გახლიჩოს არა მხოლოდ ლატვიის, არამედ დასავლური საზოგადოებაც, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეირყეს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ლატვიაში მცხოვრები რუსები არ არიან დისკრიმინირებული, მაგრამ არის სრულიად კანონიერი მოთხოვნები, რომ იცოდნენ ქვეყნის ენა და ეს არის ნებისმიერი ქვეყნის საფუძველი. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არის დემოკრატიული დისკუსია მათთან, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ან მათთან, ვისაც არ შეუძლია რუსულად კომუნიკაცია. ამ თვალსაზრისით, ეს არის სტრატეგიული ნარატივის ნაწილი, რომელშიც დომინირებს დაშინების მცდელობები“, - ხაზგასმით აღნიშნა რინკევიჩმა.
მისი თქმით, რიგა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მობილიზდეს ევროკავშირი და ნატო უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
”დიახ, ეს უფრო რთულია, უფრო მეტი სკეპტიკოსია და ამით სარგებლობს რუსული დიპლომატია და პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ცდილობს, გვითხრას, "უკრაინის მხარდაჭერა დასრულდა, ის მალე დანებდება და თქვენ იქნებით შემდეგი - გეშინოდეთ. ისხედით ხის ქვეშ და დაელოდეთ საშინელ მგელს!" – თქვა რინკევიჩმა.
მან დასძინა, რომ შიშის ნაცვლად, ლატვიის მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეასრულოს ის სამუშაო, რაც მას დაევალა - ეროვნული თავდაცვა, შიდა უსაფრთხოება, ჯანდაცვა და სხვა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა - არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური.


