ჰერცი ჰალევი – ღაზას გვირაბების დატბორვაზე: კარგი იდეაა
06/12/2023 08:04:40 მსოფლიო
კარგი იდეაა,– ასე გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი ცნობებს, რომ ისრაელი "ჰამასის" გვირაბის ქსელის დატბორვას გეგმავს.
მისი თქმით, ღაზაში უამრავი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაა და ისრაელის მიზნის ნაწილია ამ ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო ამისთვის სხვადასხვა გზა აქვს:
"მე არ ვისაუბრებ კონკრეტულზე, მაგრამ მათში შედის ასაფეთქებელი ნივთიერებები, რათა გაანადგურონ და სხვა საშუალებები, რათა არ დაუშვან "ჰამასის" ტერორისტების მიერ გვირაბების გამოყენება ჩვენი ჯარისკაცების დასაზიანებლად.
ამიტომ, ნებისმიერი საშუალება, რომელიც გვაძლევს მტერზე უპირატესობას, რომელიც ართმევს მას ამ აქტივს [გვირაბების გამოყენების], არის საშუალება, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. ეს კარგი იდეაა, მაგრამ მის სპეციფიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ," - თქვა ჰალევიმ.
სახმელეთო შეტევის ფონზე ღაზას სექტორში დახმარების შესვლასთან დაკავშირებით გენერალმა თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები "დიდ ძალისხმევას" წევენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბრძოლა წარიმართოს მხოლოდ "ჰამასთან" და არ დააზარალონ პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ტერორისტული დაჯგუფის უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელის ხმელთაშუა ზღვიდან წყლის გადატუმბვით განადგურების იმედი აქვთ. იუწყებიან, რომ IDF-მა ააწყო სულ მცირე ხუთი ტუმბო, რომელსაც ყოველ საათში ასობით ათასი ლიტრი წყლის მიწისქვეშეთში გაგზავნა შეუძლიათ.


