უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ექვსი ნეპალელი დაიღუპა
05/12/2023 15:32:48 მსოფლიო
ნეპალის ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწოდა, უკრაინაში საბრძოლველად აღარ დაიქირაოს ნეპალის მოქალაქეები და დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ მოხალისის დემობილიზაცია, რომლებმაც უკვე გააფორმეს კონტრაქტები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ომში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძოდნენ, იტყობინება Reuters.
რა გარემოებებში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, უცნობია.
ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში რუსეთს მოუწოდა, სამშობლოში დააბრუნოს მათი ცხედრები და ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.
იუწყებიან, რომ ერთი ნეპალელი უკრაინის ჯარებს ჩაუვარდა ტყვედ და კატმანდუ ახლა მის გათავისუფლებას ცდილობს.
ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არც ერთ მხარეს არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.
The Kathmandu Post-ის ცნობით, რუსეთის არმიაში დაიქირავეს 200-მდე ნეპალელი მეომარი. გამოცემა ეყრდნობა ნეპალის ელჩს მოსკოვში, რომელიც მათ დაქირავებულ მეომრებად მოიხსენიებს.
აქამდე არ გავრცელებულა ცნობები, რომ უკრაინაში ნეპალელები იბრძვიან რუსეთის მხარეზე.


