შუმერი: ზელენსკი ამერიკელ სენატორებს უკრაინის სამხედრო საჭიროებების შესახებ 6 დეკემბერს პირადად უამბობს
05/12/2023 13:35:43 მსოფლიო
6 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს, სადაც ის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის აუცილებლობაზე ისაუბრებს. ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა.
„ადმინისტრაციამ მიიწვია პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მიმართოს სენატორების ხვალინდელ დახურულ ბრიფინგზე, რათა ჩვენ პირდაპირ მისგან მოვისმინოთ, რა დევს სასწორზე ამ კენჭისყრისას. ვთხოვ ყველა სენატორს, დაესწრონ ამ მნიშვნელოვან ბრიფინგს“, - განაცხადა შუმერმა.
თეთრი სახლი ადრე აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე უკრაინას იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების თანხები პრაქტიკულად ამოიწურებოდა. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორმა შალანდა იანგმა გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, როგორც ამას საერთაშორისო სააგენტოები 4 დეკემბერს ციტირებდნენ.
ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს წარუდგინა ადრე გამოცხადებული მოთხოვნა 105 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი თავდაცვითი დახმარების შესახებ, რომელიც მოიცავდა 61,4 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინისთვის და 14,3 მილიარდ აშშ დოლარს ისრაელისთვის. ჯერჯერობით აშშ-ის კონგრესს არ დაუჭერია მხარი ბაიდენის ადმინისტრაციის ამ მოთხოვნისთვის. შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ ამის გამო უკრაინისთვის დახმარების პაკეტები უფრო მცირე გახდა.


