პრიგოჟინის ვაჟი მამის ორ კომპანიას გააკონტროლებს
05/12/2023 08:30:52 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის შვილმა პაველმა მოიპოვა კონტროლი ორ კომპანიაზე, რომლებიც ადრე მამას ეკუთვნოდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურიტელეგრამ–არხ Daily Storm-სა და „სპარკ-ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება.
საუბარია „კონკორდ მენეჯმენტ ენდ კონსალთინგსა“ და „კონკორდ კეიტერინგზე“, რომლებიც საკვების მიწოდებით არიან დაკავებულნი.
23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელსაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური. მანამდე, 23 ივნისს ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილმა პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებდა.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი პრაქტიკულად წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი მოსკოვისკენ დაიძრა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს ღალატი უწოდა. პრიგოჟინის და "ვაგნერის" მებრძოლების მოკლე ამბოხების მოწყობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ივნისს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს კერძო სამხედრო კომპანია მთლიანად სახელმწიფოსგან იყო დაფინანსებული. პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე "ვაგნერელებმა" რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღეს. პუტინის თქმით, პრიგოჟინის კომპანია "კონკორდმა" ერთ წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა სამხედროებისთვის კვების მიწოდებაზე, დაზღვევაზე დაიხარჯა 110 მილიარდ რუბლზე მეტი. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება "კონკორდის" შემოსავლებში გარკვევას აპირებდა.


