SIPRI: მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა
04/12/2023 08:16:58 მსოფლიო
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში იარაღის წარმოება მზარდ მოთხოვნას ვერ ეწევა.
დოკუმენტის მიხედვით, იარაღის გაყიდვითა და სამხედრო მომსახურებით მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წელს საერთო ჯამში, 597 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,5%-ით ნაკლებია.
"შემოსავლები შემცირდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იარაღზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდის მიუხედავად. შემოსავლების კლება დიდწილად მოდის ამერიკულ კომპანიებზე(-7,9%). ევროპული ფირმების შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა. დაკვეთების გაზრდის მიუხედავად, ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა ვერ შეძლეს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა პერსონალის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯების და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო.
2022 წელს წინა წელთან შედარებით, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მწარმოებელთა შემოსავლები საერთო ჯამში, 3,1%-ით გაიზარდა", – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, "ერთ წელიწადში 94%-იანი მატებით რეკორდსმენია თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, Bayraktar-ს აწარმოებს". ეს ფირმა პირველად შევიდა მსოფლიოში იარაღის მწარმოებელი 100 ყველაზე დიდი კომპანიის სიაში. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ჩინეთის კომპანიებს 18%-იანი ზრდა ჰქონდათ.
SIPRI-ს ანგარიშში მოხვდა მხოლოდ 2 რუსული კომპანია, „როსტეხი“ და „გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია“, რომელთა შემოსავალი, საერთი ჯამში, 12%-ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო მრეწველობის სხვა კომპანიების მონაცემები საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.


