უკრაინის სარდლობამ დღეში თითქმის 1 300 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
01/12/2023 07:43:24 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 1 დეკემბერს დილით იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 1280 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. უკრაინის სარდლობის მონაცემებით, რუსეთის ჯამურად 330 040 სამხედრო დაკარგა.
27 ნოემბერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგები განიცადა უკრაინაში მთელი ომის დროს. ეს დანაკარგები, ბრიტანული მხარის აზრით, ძირითადად რუსეთის ავდეევკაზე თავდასხმის შედეგი იყო.
მანამდე რუს სამხედროებს შორის მაღალი სიკვდილიანობის პერიოდი 2023 წლის მარტი იყო – ბახმუტზე რუსეთის შეტევის პიკზე.
2023 წლის ნოემბერში რუსული არმიის დანაკარგებმა, უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, დღეში საშუალოდ 931 ადამიანი შეადგინა. თუმცა, რუსული მხარე ზარალის შესახებ მონაცემებს არ ავრცელებს.ორიოდ დღის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა 300 000 გადააჭარბა. ეს მონაცემი აერთიანებს დაღუპულ და დაჭრილ სამხედროებს.
აგვისტოში New York Times-მა აშშ-ის ადმინისტრაციის უსახელო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინაში ომის ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა უახლოვდება 500 000–ს.


