უკრაინა: რუსეთის მიერ წუხელ გამოყენებული 25 დრონიდან 18 გავანადგურეთ
01/12/2023 07:01:33 მსოფლიო
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 1 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან, ხოლო მართვადი საავიაციო რაკეტებით - ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და დნეპტროპეტროვსკის ოლქებში.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 25-დან 18 დრონი და 2-დან 1 რაკეტა.
დრონებით შეტევის საფრთხის გამო, დღეს დილით საჰაერო განგაში იყო კიევის, სუმის, პოლტავის და ჩერნიგოვის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.


