Reuters: უკრაინა აშშ–დან "ჭკვიანი ბომბების" პირველ მსხვილ პარტიას მიიღებს
01/12/2023 06:54:08 მსოფლიო
უკრაინა მომავალ წელს მიიღებს სარაკეტო ბომბების პირველ დიდ პარტიას, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ადაპტირებულია თითქმის 160 კილომეტრის მანძილზე დარტყმისთვის, წერს Reuters პენტაგონის მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, GLSDB-ის მიწოდება Boeing-ის მიერ განხორციელდება დეკემბრის ბოლოს, რასაც მოჰყვება რამდენიმეთვიანი ტესტირება უკრაინაში შემდგომ გაგზავნამდე.
პენტაგონის სპიკერმა თქვა, რომ „ეს საკვანძო შესაძლებლობა სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის დასაწყისში მისი წარმატებული შემოწმების შემდეგ“.
მას შემდეგ, რაც მარტში გაფორმდა კონტრაქტი GLSDB წარმოების დასაწყებად, მიწოდება გადაიდო წლის ბოლომდე, ნათქვამია პენტაგონის Reuters-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში. წარმოებისთვის საჭირო იყო მთავრობის მიერ მოწოდებული მასალები, ამიტომ, ხელშეკრულების გაფორმებამ შეზღუდა მისი დაწყება, წერს სააგენტო.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მარტში ირწმუნებოდა, რომ მან ჩამოაგდო GLSDB, აშშ-ს უკრაინსთვის რაიმე სახის „ჭკვიანი ბომბი“ არ მიუწოდებია, თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და ამ საკითხის მცოდნემ. Reuters-მა ვერ დაადგინა, მიაწოდა თუ არა ეს იარაღი კიევს სხვა ქვეყანამ.
თებერვალში პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების 2,2 მილიარდის ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავდა HIMARS-ის რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ 150 კმ მანძილზე სამიზნეებზე დარტყმა, იუწყება Reuters.
საუბარი იყო GLSDB რაკეტების მიწოდებაზეც.GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) არის მცირე ზომის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა.
მას „ჭკვიან ბომბს“ ან „ფრთოსან ბომბს“ უწოდებენ.GLSDB აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის საჰაერო ბომბს M26 რაკეტის ძრავასთან.
იარაღი იყენებს GPS–ს და ინერციულ სანავიგაციო სისტემას.


