პოდოლიაკი: პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი არ არსებობს
30/11/2023 14:10:59 მსოფლიო
უკრაინის ხელმძღვანელობა "სიტუაციურ დისკუსიებს" გადის კონფლიქტის ნაცვლად, უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური ელიტების პოზიცია კონსოლიდირებულია. ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი The Economist-ის მასალას ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობების სავარაუდო გაუარესების შესახებ.
"ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კონფლიქტი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კომუნიკაციაშია ბატონ ზალუჟნისთან. რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაცია, როდესაც აუცილებელია გარკვეული საუბრების გამართვა უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი შეტევითი ოპერაციები, როგორი კორექტირებაა საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ეს არის ურთიერთობა ყოველდღიურად სამუშაო ფორმატში". - თქვა პოდოლიაკმა.
მისი შეფასებით, უკრაინაში შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით კრემლია დაინტერესებული.
Economist-მა ადრე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია სავარაუდო „კონფლიქტის“ შესახებ უკრაინის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის შედეგებთან დაკავშირებით.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა The Economist–თან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. საპასუხოდ ზელენსკიმ თქვა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება ჩიხში არ შესულა და უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.


