ბორელი: ეუთო–ს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ გმობენ რუსეთს
30/11/2023 09:59:34 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას "კარგ შესაძლებლობას" უწოდებს, რათა "რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში".
"ეუთო–ს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ გმობენ რუსეთს", – განაცხადა ბორელმა.
იგი იმყოფება სკოპიეში, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მასპინძლობს ეუთოს მინისტერიალს. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.
2023 წლის სექტემბერში სერგეი ლავროვს უარი არ ეთქვა არც აშშ-ში, ნიუ-იორკში, ჩასვლაზე გაერო–ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობისთვის.
ჩრდილოეთი მაკედონია, რომელიც ნატო–ს წევრი სახელმწიფოა, ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე.


