Accentnews.ge
ბორელის ოფისში განმარტავენ, რატომ უნდა დაესწროს ლავროვი ეუთო–ს მინისტერიალს

ბორელის ოფისში განმარტავენ, რატომ უნდა დაესწროს ლავროვი ეუთო–ს მინისტერიალს

30/11/2023 08:54:29 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო.აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო–ს მინისტერიალში უნდა მონაწილეობდეს, "რათა ეუთო–მ შეძლოს და დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა თუ ტყუილებს".

მისივე თქმით, "მართალია სერგეი ლავროვი არის სანქცირებული, მაგრამ სანქციების შემთხვევაშიც კი ხდება დაშვებები ისეთ მასშტაბურ ფორმატებთან მიმართებაში, როგორიც არის ეუთოს მინისტერიალი".

"როდესაც უმაღლეს დონეზე ფორუმებში საქმე ეხება ლავროვის მონაწილეობას, იგი სანქციების ქვეშ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ, სანქციებს ყოველთვის აქვს გამონაკლისები და ეს დაკავშირებულია მრავალმხრივ ფორუმებში მონაწილეობასთან, მაგალითად, როგორიც არის ეუთო–ს მინისტერილი. ამ შემთხვევაში სანქციების ქვეშ მყოფებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა. მაგალითად, თუ ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლება დაუშვებს ეუთო–ს ფარგლებში თვითმფრინავებს, ეს არ იქნება სანქციების დარღვევა. ლავროვის ჩართულობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეუთო პირისპირ დაუპირისპირდეს კრემლის რეჟიმის უკანონო საქმიანობასა და ტყუილებს, რომლებსაც ის ავრცელებს", – აცხადებს სტანო.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ეუთო–ს მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის თხოვნით, ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა ლავროვის თვითმფრინავს. თუმცა კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „ტასი“ და „ინტერფაქსი“ დღეს იუწყებიან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი სკოპიეში ჩავიდა ევროკავშირის წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცის გავლით.

რუსული სააგენტოების ცნობით, ბულგარეთმა მოითხოვა, რომ თვითმფრინავში არ ყოფილიყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელიც ევროკავშირის მიერაა სანქცირებული. „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ბულგარეთის ამ მოთხოვნის უარყოფის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ ნებართვა საბერძნეთისგან მიიღო.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნების სიაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიცაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S