ნეთანიაჰუ: ისრაელი ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ განაახლებს სამხედრო კამპანიას

29-11-2023 19:33:59 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ ისრაელი განაახლებს სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად.

მან კვლავ აღნიშნა, რომ კამპანიის მიზანია ღაზას მმართველი ტერორისტული ჯგუფის „ლიკვიდაცია“, 7 ოქტომბრის თავდასხმისას გატაცებული ადამიანების სახლში დაბრუნება და უზრუნველყოფა, რომ ანკლავი „არასოდეს გახდეს საფრთხე ისრაელისთვის“.

მძევლების მეექვსე ჯგუფის მოსალოდნელი გათავისუფლების წინ, ნეთანიაჰუ მიესალმება მძევლების დაბრუნებას: „ბოლო დღეებში მოვისმინე კითხვა: დაუბრუნდება თუ არა ისრაელი ბრძოლას ჩვენი მძევლების დაბრუნების ეტაპის დასრულების შემდეგ? ჩემი პასუხი არის ცალსახა – დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავუბრუნდეთ ბრძოლას ბოლომდე“.

მანამდე ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრი იტამარ ბენ გვირი მთავრობის დაშლით დაიმუქრა, თუ ისრაელი "ჰამასთან" ომს არ განაახლებს.

"ომის შეჩერება უდრის ხელისუფლების დაშლას," - აღნიშნა მან.

ბენ გვირის პარტიას ქნესეთში ექვსი მანდატი და მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავს.

ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მმართველ კოალიციას ბენი განცის პარტია "ეროვნული ერთიანობა" შეუერთდა, ამიტომ ბენ გვირის კოალციიდან გასვლა მთავრობის დაშლას არ გამოიწვევს.

იტამარ ბენ გვირმა და მისი პარტიიდან მინისტრებმა, 24 ნოემბრის "ჰამასისა" და ისრაელის 4 დღიან ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების გაცვლის შეთანხმებას მთავრობის სხდომაზე ხმა არ მისცეს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ CNN-თან ოპტიმიზმი გამოთქვა უახლოეს საათებში ზავის კვლავ გახანგრძლივების თაობაზე:

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს რამდენიმე საათში [მძევლების] ბოლო ჯგუფს გამოუშვებენ, მაგრამ ასევე შევძლებთ [ზავის] გახანგრძლივების დაანონსებას. ძალიან ოპტიმისტურად ვართ, რომ დღეს პოზიტიური ახალი ამბების გაზიარება შეგვეძლება“, - განაცხადა ალ-ანსარიმ.

სპიკერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "პოტენციური გახანგრძლივება იგივე პარამეტრების ქვეშ" იქნება, როგორც წინა შეთანხმებები:

„პრიორიტეტულებად მივიჩნიეთ ისინი, ვინც მძევლებს შორის ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, ანუ ქალები და ბავშვები, რომლებიც უმთავრესი არიან. სამოქალაქო მამაკაცების გათავისუფლებისკენ მივდივართ და შემდეგ უფრო ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვექნება ჯარისკაცებზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები