Politico-მ ზელენსკი და ნავალნი წლის "მეოცნებეებად" დაასახელა
29/11/2023 07:55:56 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გახდნენ ევროპაში ყველაზე გავლენიანი ფიგურები „მეოცნებეების“ კატეგორიაში ამერიკული გამოცემა Politico-ს მიხედვით.
რეიტინგის ავტორებმა ზელენსკის უწოდეს ადამიანი, რომელიც "გრძელ მარათონს გარბის", ნავალნის კი "რუსი ნელსონ მანდელა".
Politico აღნიშნავს, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალისხმევისა, მოწამლოს ნავალნი და მისი იზოლირება მოახდინოს, ოპოზიციის ლიდერი "აგრძელებს განსხვავებული აზრის შთაგონებას და პროვოცირებას და ყურადღებას ამახვილებს დიქტატორის სასტიკ მოპყრობაზე მისი მტრების მიმართ".
თავის რეიტინგში Politico აღნიშნავს ადამიანებს, რომლებიც მომავალ წელს „ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაყალიბებენ“.
გასულ წელს ამ სიას ზელენსკი ხელმძღვანელობდა. „ეს კარგი არჩევანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს მან მოახერხა უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს კარებთან მიყვანა“, - წერენ რეიტინგის ავტორები.
მაგრამ 2024 წელი არ იქნება მარტივი უკრაინის პრეზიდენტისთვის, ნათქვამია სტატიაში ზელენსკის შესახებ. მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო გადაერთო ახლო აღმოსავლეთში აფეთქებული ახალი ომით და უკრაინელები „ორწლიანი ბრძოლებით დაღლილები არიან“.
ახალ რეიტინგში ევროპაში ყველაზე გავლენიან ფიგურად პოლონელი პოლიტიკოსი დონალდ ტუსკი დასახელდა, რომელიც მალე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.
Politico-ს სია დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად: შემსრულებლები, მეოცნებეები და ამრევები. „ამრევების“ კატეგორიაში, რეიტინგის შემდგენელები აერთიანებენ პირებს, რომლებმაც რადიკალურად და მოულოდნელად შეცვალეს თავიანთი სფერო. ამ ნომინაციაში პირველი ადგილი რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ დაიკავა.
გამოცემის ჟურნალისტები ნაბიულინას, რომელიც ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის ცენტრალურ ბანკს, უწოდებენ "მთავარ ტექნოკრატს", რომელიც მხარს უჭერს "რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანის ფუნქციონირებას".
"ნაბიულინას აგრესიულმა მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთხელ გადაარჩინა რუბლი და შეინარჩუნა ქვეყნის ეკონომიკა. მან ასევე მოახერხა დასავლური უპრეცედენტო სანქციების შედეგების თაღკვეთა, რომლებიც შექმნილია კრემლის ხაზინის დასაცარიელებლად", წერს Politico.
რეიტინგის ავტორებმა მთავარ „შემსრულებლად“ დაასახელეს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის მხურვალე მხარდაჭერით არის ცნობილი.


