NATO–ს გენმდივანი: დარწმუნებული ვარ, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს ვაშინგტონის უსაფრთხოების ინტერესებში შედის
28/11/2023 13:12:03 მსოფლიო
NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე, მათ შორის უკრაინის შესახებ ისაუბრა.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან, მისი თქმით, ეს ვაშინგტონის უსაფრთხოების ინტერესებში შედის.
გერმანული გამოცემა ARD–ს ჟურნალისტმა მას შემდეგი კითხვით მიმართა: "ევროკავშირს უჭირს საბრძოლო მასალის შესახებ დაპირების შესრულება. აშშ-ში დახმარება დაბლოკილია და უკრაინისთის გამოყოფილი დახმარების ბოლო პაკეტი ყველაზე მცირე ოდენობის იყო. ამავდროულად, პუტინი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან იღებს. როგორ ფიქრობთ, უკრაინამ უნდა იფიქროს ახალ სტრატეგიაზე, რათა გაიმარჯვოს?".
საპასუხოდ NATO–ს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რადგან, მისი თქმით, ომში რუსეთის გამარჯვება საფრთხეს დასავლეთისთვისაც წარმოადგენს.
"ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია, ხოლო ჩვენთვის საშიში მოვლენა იქნება იმიტომ, რომ მაშინ ყველა ავტორიტარული ლიდერისთვის - არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ პეკინის მიმართ გზავნილი იქნება, რომ საერთაშორისო კანონის დარღვევით, სხვა ქვეყანაში შეჭრით და ძალის გამოყენებით, ისინი მიიღებენ იმას, რაც სურთ. ასე რომ, ეს ეხება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთელ იდეას, სადაც დაცულია ტერიტორიული საზღვრები. ამიტომ, NATO –ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო დონის სამხედრო მხარდაჭერა გაუწიეს. ამან მართლაც იმოქმედა, შეცვალა ვითარება ბრძოლის ველზე, რადგან უკრაინელებმა შეძლეს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 50%–ის გათავისუფლება, რომელიც ოკუპირებული იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. ახლა გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მხარდაჭერა. ამიტომ, მივესალმები ძალიან კონკრეტულ განცხადებას, რომელიც გაკეთდა მილიარდობით დამატებითი ევროს შესახებ გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან; მივესალმებით კოალიციის შექმნას საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად და არის ბევრი სხვა მოკავშირე, ვინც მეტი საბრძოლო მასალის, მეტი იარაღის და ა.შ. კიევისთვს გაგზავნის თაობაზე იუწყება.
დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს აშშ–ის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. და ეს ასევე შეესაბამება იმას, რაზეც ჩვენ შევთანხმდით –ვილნიუსში გამართულ სამიტზე ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაძლიერებთ ამ მხარდაჭერას. გარდა ამისა, NATO დათანხმდა მათ დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რათა უზრუნველყოს სრული თავსებადობა უკრაინისა და NATO–ს ძალებს შორის. ამასთან, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილია უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი. ამ ჯგუფის ფარგლებში, ქვეყნები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ უკრაინის მხარდაჭერას, ასე რომ, ჩვენ უბრალოდ უნდა დავრჩეთ არჩეულ კურსზე. ეს ასევე ეხება ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: 16 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა ე.წ. შათდაუნი - სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, რადგან მას 18 ნოემბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.
15 ნოემბერს სენატის სხდომაზე კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 87-მა სენატორმა. 11 წინააღმდეგი იყო. ერთი დღით ადრე, 336 ხმით 96-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ. სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში - რესპუბლიკელები.
კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული დროებითი ბიუჯეტი არ მოიცავს უკრაინის და ისრაელის დახმარებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების და პროგრამების ნაწილის დაფინანსების გაგრძელებას 2024 წლის 19 იანვრამდე და ნაწილის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს - 2 თებერვლამდე.
აშშ 2024 წლის სრულყოფილი ბიუჯეტის მიღებას ვერ ახერხებს ზოგიერთ პარამეტრზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოების გამო. მათ შორისაა უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში.


