კრამონი: კრემლი ორბანს "ტროას ცხენივით" იყენებს
28/11/2023 13:03:35 მსოფლიო
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირში რყევები შიგნიდან დაიწყოს, ამისთვის იყენებს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, ეს უკანასკნელი კი უკრაინის საკითხით მანიპულირებს.
კრამონმა "მთავარ არხთან" აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანხვედრაშია ორბანის პოლიტიკასთან, ამიტომ, მისი მთავარი მიზანი არ იქნება საქართველოს საკითხის დაბლოკვა.
"ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ორბანი ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს, არის არა უკრაინაში უნგრულ უმცირესობაზე წუხილი, არამედ დარდი საკუთარ ფულზე და ევროპულ ფონდებზე, რომლებიც მას ევროკავშირმა გაუყინა. ამიტომ, ახლა ორბანი უკრაინის საკითხით მანიპულირებს. ეს არის ერთი მიზეზი, მეორე მხრივ – კრემლი ორბანს "ტროას ცხენივით" იყენებს, რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირში რყევები შიგნიდან დაიწყოს, პუტინისთვის მთავარია, ევროკავშირის სტაბილურობას საფრთხე შიგნიდან შეუქმნას. სწორედ ამისთვის იყენებს ორბანს.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა თანხვედრაშია ორბანის პოლიტიკასთან, ამიტომ მისი მთავარი მიზანი და სურვილი არ იქნება, დაბოლოს საქართველოს საკითხი. ყველამ კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა, ქართულმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომელიც ძლიერად იბრძვის დემოკრატიისა და ევროპული სტანდარტებისთვის",– თქვა ევროპარლამენტარმა.
რაც შეეხება უნგრეთის გარიცხვას, რაზეც ევროკავშირის რიგი წევრები მიანიშნებენ, ევროპარლამენტარის თქმით, ამას განვიხილავენ:
"უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც წლების განმავლობაში არ იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, არ იცავს ევროპულ პრინციპებს, ისინი, ვინც ყოველთვის ბლოკავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს".
27 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა ვიქტორ ორბანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა. საუბარი შეეხო უნგრეთის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს ორბანის რუსეთთან და კონკრეტულად პუტინთან კავშირების თაობაზე, ის ეფუძნება იაფ გაზს და კორუფციულ კონტაქტებს (2022 წლის მსოფლიოში კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უნგრეთი გახდა ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო ევროკავშირში: მან 77-ე ადგილი დაიკავა). მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მედიაზე კონტროლის მეშვეობით ორბანი ახერხებს უნგრეთში კონსერვატიული პროპაგანდის წახალისებას, რომელიც ძალიან ჰგავს პუტინის პროპაგანდას.
2017 წელს The Insider-მა გაარკვია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი ლოიალობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ორბანზე კრიმინალური ავტორიტეტის სემიონ მოგილევიჩის მიერ 90-იანი წლების შუა პერიოდში მოპოვებული კომპრომატები.


