ნეიტრალური შვეიცარია უერთდება NATO–ს კიბერ წვრთნებს
28/11/2023 06:44:19 მსოფლიო
შვეიცარიის შეიარაღებული ძალები ამ კვირაში მონაწილეობენ ნატოს კიბერ თავდაცვის წვრთნებში, სახელწოდებით, Cyber Coalition, რომელიც მოიზიდავს 1000-ზე მეტ მონაწილეს 30-ზე მეტი ქვეყნიდან. წერს Swissinfo.
შვეიცარიის არმიაში აცხადებენ, რომ წვრთნების მიზანია კომპლექსური პრობლემების ერთობლივი გადაჭრა, სისუსტეების აღმოფხვრა და ქვეყნის კიბერუსაფრთხოების მდგომარეობის საერთო სურათის შექმნა.
მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის ევროპის შტაბ-ბინაში განმარტავენ, რომ Cyber Coalition 2023–ში ჩართულია 1000 კიბერდამცველი ნატოს 28 წევრი ქვეყნიდან და შვიდი პარტნიორი ქვეყნიდან, ევროკავშირიდან, ასევე იქნებიან ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები.
წვრთნები ტარდება ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, კიბერ სასწავლო მოედანზე, სადაც მოქმედებს ნატოს კიბერუსაფრთხოების ბრწყინვალების ცენტრი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალისტური ქსელის ინფრასტრუქტურის სიმულაციისთვის.
„სწავლება ეფუძნება კომპლექსურ, რეალისტურ სცენარებს, რომლებიც ეხმარებიან კიბერდამცველების მომზადებას რეალურ ცხოვრებაში კიბერ გამოწვევებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისას, ასევე ოპერაციების დროს ნატოსა და ალიანსის წევრების აქტივების მწყობრიდან გამოყვანისას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიბერთავდაცვის გაძლიერება შვეიცარიის მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის შეიარაღებული ძალების შესაბამისი შესაძლებლობების თანდათანობით გაფართოება სურს.
გარდა ამისა, 2024 წლის დასაწყისში შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში ფუნქციონირებას დაიწყებს ახლად შექმნილი კიბერ სარდლობა, რომელიც ჩაანაცვლებს შეიარაღებული ძალების სარდლობის მხარდაჭერის ამჟამინდელ ორგანიზაციას.


