სტოლტენბერგი: მივესალმები "ჰამასსა" და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მოვუწოდებ მხარეებს, გააგრძელონ პაუზა
27/11/2023 12:55:30 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი "ჰამასსა" და ისრაელს ზავის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მივესალმები, რომ "ჰამასსა" და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მოხდა მძევლების ნაწილის გათავისუფლება, ასევე – ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მოვუწოდებ მხარეებს, გააგრძელონ პაუზა, რაც ღაზას მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების გაწევასა და მეტი მძევლის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. ტანჯვა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ხაზს უსვამს გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობას.
NATO–ს მოკავშირეები იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში, მათ შორის – ერაყში ჩვენი მისიის ფარგლებში. ჩვენ ვნახეთ დრონებით თავდასხმები და სარაკეტო დარტყმები აშშ-ს პოზიციებზე სირიასა და ერაყში, ასევე ვნახეთ თავდასხმები კომერციულ გადაზიდვებზე. ეს ხაზს უსვამს ესკალაციის რისკს. ირანმა უნდა შეაკავოს თავისი მარიონეტები", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: კატარის შუამდგომლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში ისრაელის 50 მოქალაქეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ხოლო ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.
შეთანხმების შესაბამისად, გაცვლა უკვე სამჯერ განხორციელდა. საერთო ჯამში, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.


