სტოლტენბერგი: ახლა რუსეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უფრო სუსტია, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას
27/11/2023 12:39:06 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ახლა რუსეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უფრო სუსტია. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს გაბედულ ბრძოლას და ალიანსი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ უკრაინის მიმართ NATO–ს გრძელვადიან მხარდაჭერას. გასულ წელს კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ბრძოლები უკრაინამ მოიგო. მიმდინარე წელს ისინი აგრძელებენ რუსეთისთვის მძიმე ზიანის მიყენებას. უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის 50%. ეს უკრაინის დიდი გამარჯვებაა.
რუსეთი უფრო სუსტია პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. უკრაინა აგრძელებს გაბედულ ბრძოლას და ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამ თვეში გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 10 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას დაჰპირდნენ. რუმინეთმა უკრაინელი პილოტებისთვის F-16–ების მართვის შესასწავლად სასწავლო ცენტრი გახსნა. მოკავშირეები, მათ შორის შეერთებული შტატები და ფინეთი, კიევს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან, რათა დაიცვან უკრაინის ქალაქები რუსული თავდასხმებისგან. 20-მა მოკავშირემ უკრაინის საჰაერო თავდაცვის კოალიცია შექმნა", – განაცხადა სტოლტნბერგმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში.
"მოსკოვი ცდილობს ჩვენი დემოკრატიების დესტაბილიზაციას კიბერშეტევებით, დეზინფორმაციით, ენერგეტიკული შანტაჟით და მიგრაციითაც კი", – დასძინა მან.


